ოკეანის საერთაშორისო დღე ბუსსს ანრის ბიბლიოთეკაში

ოკეანის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბუსსს ანრის ბიბლიოთეკისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა შემეცნებითი და საინფორმაციო ღონისძიება, რომელშიც პროფესიული სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ.
ღონისძიების ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტმა წარადგინა პრეზენტაციები ოკეანის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის, ე.წ. „ნაგვის კუნძულის“ (Great Pacific Garbage Patch) პრობლემისა და ოკეანეებში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ. პრეზენტაციებს თან ერთვოდა თემატური ვიდეომასალა, რომელმაც მონაწილეებს უფრო ნათლად დაანახვა მსოფლიო ოკეანის წინაშე არსებული გამოწვევები და გარემოსდაცვითი პრობლემების მასშტაბი.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკეანეების დაბინძურების პრევენციისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრაქტიკულ მიდგომებსა და შესაძლო გამოსავლის გზებს.
ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა თემატური ვიქტორინით, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ცოდნა შეემოწმებინათ და საინტერესო კითხვებზე ეპასუხათ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა კინოჩვენება, რომელიც ოკეანეების დაბინძურების მიზეზებს, მის შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის თანამედროვე გზებს შეეხებოდა.
ღონისძიების მიზანი იყო პროფესიულ სტუდენტებში და პერსონალში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მსოფლიო ოკეანის მნიშვნელობის წარმოჩენა და ბუნებრივი რესურსებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობა.